თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდ დიღომში, ანბანის ბაღში, მშენებარე პროექტი შეჩერდება და შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება. მისი თქმით, აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით მერიაში დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ბევრი განცხადება შედის.
“ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ქაოტურ განაშენიანებაზე. არსებობს მშენებლობები ქალაქში, რომლებიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რომ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში და სპორტული მოედნების ადგილას, იმიტომ რომ ეს არის რეკრეაციული ზონები, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის რა მდგომარეობაა ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ქვეყანაში და შესაბამისად, მწვანე სივრეებს სჭირდება გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა.
მე დღეს მინდა ვისაუბრო ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში. კომპანიას დაწყებული აქვს მშენებლობა და დარღვეული აქვს ყველანაიირ პირობები.
ასევე, შემოსულია ძალიან ბევრი საჩივარი დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. ამ წუთებში მშენებლობა შეჩერებულია და ვფიქრობ, ამ შენობის დემოტაჟი უნდა განხორციელდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სკვერებში, პარკებში და სპორტულ მოედნებზე ამგვარი სიმახინჯეების მშენებლობა. ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. უნდა გავმიჯნოთ ქალაქის სწორი განვითარება და ბიზნესი. ჩვენ ბიზნესს ყველანაირად დავეხმარებით, რომ მოხდეს სწორი განაშენიანება, ასევე ხარისხიანი პროექტების განხორციელება და არა ამგვარი პროექტების. მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. შეხვდით მესაკუთრეს, რომ მან არაფერი დაკარგოს და საჭიროების შემთხვევაში ადგილმონაცვლეობაზე იფიქრეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.