კალაძე: ქალაქში კაფეების თვითნებურად მოწყობას ვერ დავუშვებთ

948

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში თვითნებურად მოწყობილი კაფეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

კალაძის თქმით, მერია თვითნებურად მოწყობილ კაფეებს არ დაუშვებს და მეპატრონეებს საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

“მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ქალაქზე ვზრუნავთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს კალაძემ რეაბილიტირებული ძველი თბილისის მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ დემონტაჟი გაუკეთონ მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას (კონდიცირებისა და გათბობის სისტემის მილებს), რომელიც ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს.