სად არიან ის ოპოზიციონერები, ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ, თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
„ახლა რას იტყვით საინტერესოა. რომელიმემ გამოხატეთ ინტერესი პროექტის მიმართ ან მონაწილეობა მიიღეთ საჯაროდ გამოცხადებულ კონკურსში? საზოგადოებას მობეზრდა თქვენი ერთკვირიანი განცხადებები”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიის მიერ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.