თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს

747

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. ამასთან, პირველი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.

“დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და შემიძლია გითხრათ, რომ ამ გამოწვევების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება დიდი მხარდაჭერა, თანადგომა, რადგან მერიას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თუმცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის, რომ ის არსებული რეალობა რაც ჰაერის დაბინძურების კუთხით გვაქვს, იყოს მოგვარებული.

ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ.  ამიტომ მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ავტომობილების ტექდათვალიერება და რომელიც ვერ გაივლის ამ ტექდათვალიერებას, ამოღებულ იქნას ხმარებიდან. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამაზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამინისტროებში”,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.