თბილისი გეოლოგიური საფრთხეების კუთხით მაღალი რისკის ქალაქების სიაშია. დედაქალაქის თითქმის 50 პროცენტი ფერდობზეა გაშენებული. თბილისში საფრთხის შემცველი 500-ზე მეტი უბანია. ამის შესახებ “იმედის დილამ” თემა მოამზადა.
მაღალია ხევებისა და ხეობების დახრილობა, რის გამოც იზრდება მათგან ჩამომავალი წყლის ნაკადის სიჩქარე.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თბილისი მშენებლობებისთვის ხელსაყრელი ადგილი არ არის, მაგრამ არსებობს უბნები, სადაც საფრთხე განსაკუთრებით იზრდება.
ქალაქი წლების განმავლობაში გაფართოვდა, გაჩნდა ახალი დასახლებები და შენობები. ხევების ნაწილი მიწით ამოივსო და გადაიხურა. კალაპოტებსა და ჭალების დიდ ნაწილზე ხალხი დასახლდა, რაც სპეციალისტების თქმით, სახიფათო და დაუშვებელია.
მოძველებულია სადრენაჟო, სანიაღვრე და საკანალიზაციო ნაგებობები. ისინი ვერ უზრუნველყოფენ თავსხმა წვიმის დროს ხევებში წარმოქმნილი დიდი მოცულობის ჩამონადენის შეუფერხებელ ჩადინებას მტკვარში.
13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.
სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი.