მთავრობისა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სტეფანწმინდაში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და “ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და სამინისტროს შესაბამისი ერთეულების წარმომადგენლებმა ყაზბეგის განვითარების ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.
შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო პროგრამებს და ინიციატივებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.
„ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის და ახალი სტრატეგიის მომზადებისთვის.
ყოველ სოფელს განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამოწვევები გააჩნია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ხელს უწყობენ თემის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული ყაზბეგის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიის შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვისა და სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს, სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშნელობას.
უახლოეს თვეებში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გაიმართება ასევე კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი.