“ხურშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი ვარკეთილიდან დაიწყება

842

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი ვარკეთილიდან დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში, 4 ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე, ასევე ვარკეთილის მასივსა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე – ჯამში 170 ოჯახი.

“ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდება, ყველაფერი არის შესაძლებელი”, – თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქში ხრუშჩოვკების ჩანაცვლება კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.