N192 ბაღში არსებული „გარდამავალი ჯგუფი“ სექტემბრიდან ბაღების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა

731

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „გარდამავალი ჯგუფის“ საპილოტე ფაზა დასრულდა.

პროექტი, რომელიც N192 საჯარო ბაგა-ბაღში 2017 წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელშეწყობით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ. „გარდამავალი ჯგუფის“ მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა წარმოადგენს. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური ჯგუფები თბილისის სხვა ბაღებშიც გაიხსნას და ამით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ თანატოლებთან კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია,” – თქვა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ამ ეტაპზე „გარდამავალი ჯგუფი“, კარიტასის ფონდის ხელშეწყობით, ზუგდიდში, თბილისსა და თელავში ფუნქციონირებს.

ჯგუფი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და რესურსით, რაც ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის ხელმისაწვდომსა და სასურველს ხდის გარემოს. სპეციალურად ამ პროექტისათვის, გადამზადების კურსი გაიარა N192 ბაღის ყველა აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემ.

„გარდამავალი ჯგუფის“ სპეციალისტები ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ, წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ. „გარდამავალ ჯგუფში“ 7 წლამდე აუტიზმის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის დარეგისტრირება შეუძლია მშობელს სასწავლო წლის ნებისმიერ დროს.