თბილისის მერიის ინიციატივით ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები, შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.
“მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება, გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტის შემთხვევებში და ასევე, ადგილზე წარმოების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში განიხილავენ ამ საკითხს და და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა კალაძემ.