გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 10 ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპზე 34 კანდიდატი გადავიდა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
კონკურსი გამოცხადებული იყო შემდეგ პოზიციებზე – მერის წარმომადგენლები სოფელ ზემო კაჭრეთის, ნანიანის, ჩალაუბნის, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადმინისტრაციული სამსახურის უმცროსი სპეციალისტი სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში, არქიტექტურის, ძეგლთა დაცვის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
“გარდა ამისა, ორი ვაკანსია გვქონდა კურიერის პოზიციაზე. ეს სამსახური დროებითია და ხელშეკრულების ვადა შემდეგში შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით განისაზღვრება. სულ შემოსული იყო 84 განაცხადი 49 კანდიდატის მიერ. მეორე ეტაპზე 34 გადავიდა. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე გაეკეთებინათ განაცხადი. კონკურსი ათივე ვაკანსიაზე ღიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუ შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა”, – თქვა გურჯაანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ხატია ზაკალაშვილმა.
კონკურსის მეორე ეტაპი, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება, 28-29 მაისს გაიმართება.