წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

669

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა.

“საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელს აქვს ყოველწლიურად, არანაკლებ საქართველოს 80 (ოთხმოცი) მოქალაქის დასაქმების ვალდებულება.

„მექვენის კალციტის საბადოზე“ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად სს „მაიკრონს კავკასუსი“ გამოცხადდა.