პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა იყიდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრელებს.
აუქციონის პირობების თანახმად, კურორტ ახტალას საწყისი ფასი 3 755 000 ლარია.
აუქციონზე იყიდება სს ,,კურორტ ახტალას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %).
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა ააშენოს, რომლისთვისაც არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.