დაბინძურებული წყლის გამო თბილისის მე-15 ბაღში სწავლა შეწყდა

924

დიდუბის რაიონში მდებარე მე-15 საბავშვო ბაღში, წყლის დაბინძურების გამო, სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდა. გუშინ წყლის მილებიდან მღვრიე წყალი წამოვიდა, რის გამოც ბავშვები ბაღში 3 და 4 მაისს ვერ ივლიან.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვრიე წყალი ბავშვებს არ დაულევიათ და არც საკვები მომზადებულა.

„გუშინ, დღის მეორე ნახევარიდან ბაღში მღვრიე წყალი წამოვიდა, თუმცა ასეთი წყალი მხოლოდ საბავშვო ბაღში არ ყოფილა, არამედ მთელ უბანში მოდიოდა. არ ვიცი რით არის გამოწვეული ეს პრობლემა. ბაღმა გამოიძახა კომპანია GWP-ი თავისი ლაბორატორიით და აიღეს წყლის სინჯი. როგორც დირექტორმა გვითხრა, ქიმიურ ელემენტებზე უკვე შემოწმდა წყალი და არ გამოვლინდა ქიმიური დაბინძურება, თუმცა რაც შეეხება, ბაქტერიულ დაბინძურებას, მის კვლევას დრო სჭირდება. დღეისთვის წყალი გაწმენდილია. მიუხედვად ამისა, ბაღების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ბავშვების ჯანმრთელობით არ გარისკოს და 72 საათის გამავლობაში, ანუ დღეს და ხვალ ბაღში აღსაზრდელები არ ივლიან. ვიდრე ანალიზის პასუხი არ მოვა, ვერ გავრისკავთ ბავშვების ჯანმრთელობით. გუშინ დილით სუფთა წყალი მოდიოდა, მომზადდა საუზმე და სადილი, სამხარის მომზადებისას ამღვრეული წყალი წამოვიდა. სამხარი არ ჩაგვივარდა, ვინაიდან წყალი ვიყიდეთ“, – განაცხადეს ბაღების სააგენტოში.