თბილისში მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, რომელსაც სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს, გადამწყვეტ ფაზაშია შესული და რამდენიმე თვეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი კომპანია „საბა კონსტრაქშენზე” დაყრდნობით წერს.
კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული სამუშაოები „მზიურის“ პარკის ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე ხეობის იმ მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სადაც მდინარე გვირაბში არ არის მოქცეული და შესაძლო წყალვარდნა დასახლებულ ტერიტორიას საფრთხეს უქმნის.
„მომავალში მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილებისა და მდინარის ზემოქმედებისგან მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით საპროექტო დოკუმენტაცია სამ ნაწილად დამუშავდა. „საბა კონსტრაქშენის“ მიერ წარმოებული სამუშაოები „მზიურის“ პარკის ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე ხეობის იმ მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სადაც მდინარე გვირაბში არ არის მოქცეული და შესაძლო წყალვარდნა საფრთხეს უქმნის დასახლებულ ტერიტორიას“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, წყალდიდობის შემთხვევაში მდინარის ზემოქმედებისგან მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით, კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ გაწმინდა მდინარის კალაპოტი და განახორციელა მისი ფორმირება. პროექტის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთ მონაკვეთზე წყლის ნაკადი ბეტონის მოქნილი ლეიბების დაცულ არხში მოექცევა.
პროექტზე სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობის 100-მდე სპეციალისტია დასაქმებული. როგორც „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორი ლევან თარგამაძე აცხადებს, ვერეს ხეობაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებული დაცვით მიმდინარეობს.