მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციამ კონსტრუქციული, პროფესიული საჯარო განხილვის შეთავაზებაზე არაადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა იყოს საერთო კონსენსუსის და შეთანხმების დოკუმენტი. ოპოზიციის მხრიდან კი იყო გაყოფის და დაპირისპირების მცდელობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
„ამის ნაცვლად კი, მათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს საქმიანი განხილვა და წარმოდგენის გამართვა სცადეს. სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რაც რომელიმე კონკრეტული პირის მისამართით არ იყო მიმართული,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. თბილისის მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. დღეს გენგეგმა სასტუმრო “ბილტმორში” პოლიტიკოსებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნეს.