ხაბეიშვილის ბრალდება და კალაძის პასუხი მერის არამიზნობრივ ხარჯებზე

872

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენცია გამართა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

თავისი ბრალდების დასადასტურებლად, ხაბეიშვილმა დოკუმენტები წარადგინა. ხაბეიშვილის განცხადებით, ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.  ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია ვინ იყო „პოტენციური ინვესტორი“, რომელსაც იგი მილანში ჩასვლისას შეხვდა.

„ის, რომ კახა კალაძე და დედაქალაქის მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებს ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით. კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დოკუმენტაციებთან ერთად ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან ერთად გადაღებული ფოტოც წარმოადგინა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს უპასუხა.

“მილანში თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ბიუჯეტიდან აღებული თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ამაზე ქალაქის ბიუჯეტის თანხები იქნა დახარჯული, მერე თმები შევიჭერი… არაფერი შეხვედრები არ ყოფილა, ისე უბრალოდ წავედი გასართობად, მერე ღამის კლუბშიც ვიყავი, მერე კიდევ გავუხსენებ და წერილობით მოგაწვდით. ოპოზიციის ბრალდება სასაცილოა. კახა კალაძეს მივლინებაში კი არა…. არ მინდა ამაზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.