თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად დამატებით ერთი თვე მიეცემათ. ამის შესახებ მან სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მერიაში, ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„ჩვენ უკვე მესამედ შევხვდით ბიბლიოთეკარებს და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ტესტირებამდე სწორად მივიდეთ. მეორე შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების მხრიდან იყო თხოვნა, რომ კიდევ ერთი თვით გადაგვედო სამზადისი, რომ თავის თავში განმტკიცებულიყვნენ და ტესტირებამდე სწორად მივსულიყავით, რაც დაკმაყოფილდა“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
ბიბლიოთეკარების ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი.
6 მარტს თბილისის საკრებულოზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან.