გლდანში 13000 კვ. მეტრ ფართობზე პარკი გაშენდება

859

გლდანის რაიონში, მე-6 მიკრორაიონში 13000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა. დღეს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იყო მისული. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მზად არის და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

“ახლა ვიმყოფებით გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში. აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ ავაშენებდით ერთ-ერთ საუკეთესო პარკს. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებები იქნება საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადებთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს. გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.