თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესაძენად, მილანურ კომპანიასთან გაფორმებულ 3 მილიონიან ხელშეკრულებას. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
ხაბეიშვილი გამოძიებას მის ხელთარსებულინფორმაციას მიაწვდის, რომლითაც, მისივე შეფასებით, დასტურდება, რომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა და კომპანია სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა.
„საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც სამჯერ მეტი დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს საახალწლო განათებებზე, ვიდრე ოდესმე. საუბარია ტენდერის გარეშე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სადაც სავარაუდოდ კორუფციასთან გვაქვს საქმე, რადგან კახა კალაძე გახდა თუ არა მერი, იმ პერიოდშია ხელშეკრულება გაფორმებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
საკრებულოს წევრის თქმით, მას სრულყოფილი გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას გასული წლის დეკემბერში მიმართა.