თბილისის ბოტანიკურ ბაღში ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი, ვიზიტორთა ცენტრი და ახალი პარკინგი მოეწყობა

2510

წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს. პროექტის განხორციელება ასევე, ბოტანიკური ბაღის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, ბოტანიკური ბაღი თავისი ფუნქციითა და ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. აქ მოეწყობა, როგორც საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი. პროექტის განხორციელებით, ბოტანიკურ ბაღს ალტერნატიული შესასვლელი გაუჩნდება, სადაც საპარკინგე ადგილები მოეწყობა. ასევე, ძალიან ბევრ ველომოყვარულს ექნება შესაძლებლობა, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში დაახლოებით, ოთხი კილომეტრი ველოსიპედით გაიაროს. განხორციელებული პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ სრულად დააფინანსებს, რისთვისაც კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერს ქალაქს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ფონდმა ბოტანიკურ ბაღში უკვე არაერთი პროექტი განახორციელა.

„ფონდი „ქართუ“ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ჩვენი დაფინანსებით, ბაღში უამრავი პროექტი განხორციელდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება კი, ბაღის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებს და თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ის სიკეთეები მიიღონ, რაც ბაღს გააჩნია. პროექტი ასევე, გაზრდის ბაღის შემოსავლებს და ვიზიტორთ რაოდენობას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

წავკისისწყლის ხეობაში სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობა და მისი პოტენციალის ათვისება საერთაშორისო ექსპერტების ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, რომელიც ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგიულ გეგმაშია გათვალისწინებული. დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა.

პროექტის თანახმად, წავკისისწყლის ხეობაში, რომელიც განსაკუთრებული ლანდშაფტითა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, სათავგადასავლო მარშრუტი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ბაღს ექნება ალტერნატიული შესასვლელი და საპარკინგე ზონა. ასევე, ამოქმედდება ვიზიტორთა ცენტრი.

კახა კალაძესთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა.