თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადებების მიღებას იწყებს

763

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი მარტიდან, გაზაფხულის სემესტრის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

განცხადებები მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში თვითონ სტუდენტმა წარადგინოს. დაფინანსების მისაღებად, სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 პირადობის მოწმობის ასლი;
 ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
 ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
 უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
 უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი
(გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
 I სემესტრის სტუდენტებისთვის სავალდებულოა, ერთიან ეროვნულ
გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
 რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I
სემესტრის სტუდენტებისა);
 სამოტივაციო წერილი.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სემესტრულად, 562,5 ლარი ერიცხებათ, ხოლო
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, დაფინანსება 70% ან 100%-მდე იზრდება.

2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. მიმდინარე წელს კი, მისი ბიუჯეტი კიდევ 200 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა.