ვინ უხელმძღვანელებს სოფელს

742

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის მიერ სოფლის საზოგადოებრივი თვითმართველობების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც, მისი ავტორების მტკიცებით, სოფლის მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ხარისხს გაზრდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 24 აპრილს, ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ერეკლე ტრიპოლსკისა და მისი მოადგილის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა. კონფერენციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზემოხსენებულ კომიტეტს სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს. დოკუმენტი სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად სასოფლო დასახლებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მთავრობის გეგმის მიხედვით, სასოფლო დასახლებაში იფუნქციონირებს სოფლის საერთო კრება, აირჩევა კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები. თითოეულ სოფელს მიენიჭება ქონების ფლობის და მართვის, ასევე, შემოსავლების მიღების თუ ხარჯთაღრიცხვის წარმოების უფლება. სოფელს შეეძლება არასამეწარმეო და კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს 2016 წლის 1 სექტემბრამდე უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცემა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე და წყალი.

“სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა არის სოფლის მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობა საერთო კრების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მართოს საერთო ქონება, იზრუნოს სოფლის პრობლემების მოგვარებაზე და ქმედითი მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში”, – ნათქვამია კანონპროექტის პირველ მუხლში.

კანონპროექტის თანახმად, საერთო კრება, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ ჩატარდება. მის ორგანიზებას უზრუნველყოფენ კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოს წევრები. წარმომადგენელთა საბჭო საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის საერთო კრების წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებიც ერთი წლის ვადით მოსახლეობის მიერ ფარული კენჭისყრით აირჩევიან. რაც შეეხება საერთო კრების თავმჯდომარეს, მას მოსახლეობა ასევე ერთი წლის ვადით ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევს. იგი იქნება საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელი, აღასრულებს საერთო კრებისა და წარმომადეგნელთა საბჭოს გადაწყვეტილებებს, პერსონალურად აგებს პასუხს საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე, იქნება  საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი, ერთი წლის განმავლობაში წარმართავს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობას, უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და თანამდებობის პირებთან.

დღეის მდგომარეობით აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად მთავრობას აქვს გადაგზავნილი. უკვე ცნობილია, რომ იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებმა მის შინაარსთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა სახის შენიშვნებზეა ლაპარაკი.

“ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ხალხი ჩაერთოს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება გამოთქმული. კონსენსუსი პირველ რიგში  მთავრობის შიგნით უნდა არსებობდეს, რადგან ეს არის რეფორმა, რომელიც უნდა განახორციელოს მთლიანად მთავრობამ. თუ ეს კონსენსუსი არ იარსებებს, ცხადია, ეს რეფორმა წარმატებას ვერ მიაღწევს. პრინციპების თაობაზე [მთავრობაში] საერთო თანხმობა არსებობს, მაგრამ თუ როგორ უნდა მოხდეს მისი რეალიზება, როცა საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის სხვადასხვა უწყებას თავისი დამოკიდებულება გააჩნია. ჩვენ ამ კანონპროექტის ინიცირება იმიტომ მოვახდინეთ, რომ როდესმე დაიწყოს ეს პროცესი”, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გია ჟორჟლიანი.

აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის: “საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის” ფარგლებში დაიწერა. ეს ამ რამდენიმე წელიწადზე გაწერილი სტრატეგიის ერთ–ერთი პირველი დონეა, რომელსაც შემდგომში ხელისუფლების დეცნეტრალიზაციისა და თვითმმართველობების განვითარების კუთხით სხვა რეფორმები უნდა მოჰყვეს. ეს სტრატეგია საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა და მისი იმპლემენტაციის განკარგულებაც გასცა, თუმცა ვადების საკითხი კვლავ გასარკვევია. გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ზემოხსენებული კანონპროექტის მიღება სექტემბრის თვემდე მოესწრება.

“ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს, მაგრამ, რაც უფრო სწრაფად დაიწყება, მით უფრო კარგი იქნება. ეს კანონი [სოფლად მცხოვრები ადამიანების]  უშუალო ცხოვრებას ეხება. მისი ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, წესით, უნდა აღმოჩნდეს მათ კომპეტენციაში. დღეს სოფლის მოსახლეობის მიერ არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღება. აქ საუბარია, მაგალითად, სასაფლაოს მოვლაზე, კლუბის მოვლაზე, სპორტდარბაზის მოვლაზე და სამეურნეო საკითხებზე”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

რაც შეეხება საძოვრების პრობლემას, დეპუტატი ამბობს, რომ რეფორმის ამოქმედების შემდეგ საძოვრები სოფლებს სარგებლობის უფლებით გადაეცემა. წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების პრობლემა კვლავ მუნიციპალიტეტის დონის საკითხად დარჩება.

“აღარ უნდა მოხდეს ისე, როგორც ამას ჩვენ ყოვალდღიურად ვხედავთ, რომ იღვიძებენ ადამიანები, ძროხა მიჰყავთ [საძოვარზე] და იქ ვიღაც ეუბნება, რომ ამიერიდან აღარ მოიყვანო, ჩემია და ასე შემდეგ”, – ამბობს იგი.

იხილეთ რესურსი