თბილისის მერმა კახა კალაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 112-ის ახალი პროგრამა წარდგინეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
გიორგი გახარიას განცხადებით, უწყება ბევრ რეფორმას ატარებს, როგორც პოლიციაში ასევე რეფორმები მიმდინარეობს ქალაქშიც.
“ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს. დღეს ვაკეთებთ პრეზენტაციას პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს სერვისი ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს საპატრულო პოლიციას და თბილისსი სასწრაფო დახმარების ცენტრს”, – თქვა გახარიამ.
კახა კალაძის განცხადებით, აპლიკაციის პროგრამა თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს.
112-ის ახალი პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.
ახალი აპლიკაცია უწყებებმა 12 თბერვალს გამოუშვეს.
აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.
აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა 112-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“).
ამ ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.
აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.