პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანიებისთვის რეგულაცების გამკაცრების კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში აისახება, რომელიც თავის მხრივ, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. აღნიშნული პაკეტი მეორე მოსმენით განხილვის საგანია. მან მადლობა გადაუხადა კალაძეს ამ ინიციატივისთვის.
“დღეს სამშენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგა. მინდა თბილისის მერს მადლობა გადავუხადო ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნებლი საკითხია. სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, რომ ჩვენ სწორად დავარეგულიროთ საკითხი. საქმე ეხება მათ შორის სანქციების გამკაცრებას. საქმე ასევე ეხება ადმინისტრირების გაუმჯობესებას. ასევე საუბარია უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ სანქციებზე. ეს არის ის საკითხი, რომელიც ასახულია პაკეტში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პრობლემის არსებითად მოგვარებას. ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა დაუშვებელია და ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე“, – განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ პარლამენტი ახალ სამშენებლო კოდექსს მალე მიიღებს.
მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუთის გამოუყენებლობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ თქვა.