თბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს

579

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე N33-ე საჯარო ბაღში თბილისის მერიის აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს სამშენებლო კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა.

კალაძის თქმით, კომპანია “გიკო” თბილისში კიდევ ორ ბაღს აშენებს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რის გამოც, სამუშაოები დროებით შეჩერდება.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია „გიკოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ მოცულობით ექსპერტიზას ითვალისწინებს, ხარისხის ექსპერტიზა კი, მოთხოვნილი არ არის. შესაბამისად, ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტების მიმართულებით გაფორმდება, ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

N33 საბავშვო ბაგა-ბაღში ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩატარდება, რომლის დასკვნის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, აღსაზრდელები სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ექსპლუატაციაში 2017 წლის ოქტომბერში შევიდა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 192 000 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გიკო“ აწარმოებდა.