ფოთის საქალაქო სასამართლომ ,,ევროპული საქართველოს’’ საქალაქო ორგანიზაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

993

ფოთის საქალაქო სასამართლომ ,,ევროპული საქართველოს’’ საქალაქო ორგანიზაციის სარჩელი 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ოპოზიცია 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.

მათი თქმით, აღნიშნულ უბანზე თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში 100 -მდე ბიულეტენი ჩაყარა.

,,ევროპული საქართველოს“ წევრები ასევე მოითხოვდნენ 31 -ე უბანზე მყოფი მათი დამკვირვებლის, გრიოგოლ სტურუას საჩივარი 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას განხილვაში მიეღო, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

”საოლქო – საარჩევნო კომისიის მიერ ჩვენი განცხადება-საჩივრის განხილვა მოხდება. განხილვის დროს აუცილებლად დავაყენებთ საკითხს 31-ე უბნის ბათილობაზე, რადგან სახეზეა გაყალბების არაერთი ფაქტი. სამწუხაროა, რომ 31-ე უბნის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა , რაც ჩვენი აზრით არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული. ჩავიბარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გავივლით კონსულტაციებს და ვაპირებთ გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში,“- განუცხადა ჟურნალისტებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა გვასალიამ.

გვასალიას თქმით, ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს მანამ, სანამ საოლქო-საარჩევნო კომისია არ დაადასტურებს, რომ 31-ე უბანზე გაყალბება მოხდა. ”31-ე უბანზე საჩივარი დაწერილია საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე. უბნის კომისიის თავმჯდომარის დავით ხეცურიანის პასუხი აღნიშნულ საჩივარზე იყო ის, რომ საჩივრის ავტორი გააძევა უბნიდან. ამასთანავე, აღმოჩენილი იქნა ბიულეტენები, რომლებიც ,,ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა მოიპარა და ყველა ბიულეტენში შემოხაზულია #41. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ 31-ე უბანზე ადგილი ჰქონდა გაყალბებას, რაც ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა გიგა გვასალიამ.

,,ევროპული საქართველოს“ წევრები შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი