ორი დღის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანის ჯამური რაოდენობა მეტროსა და ავტობუსში 1 035 000-მდე იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, მეტროს შემთხვევაში 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში კი 532 076 მგზავრობა განხორციელდა.
„ამ ყველაფრის მიუხდავად, მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში იცით თუ როგორი პრობლემები იყო, ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მეტროს იყენებდა აღნიშულ მონაკვეთზე. „სადგურის მოედანზე“ ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს“ – აღნიშნა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა დასძინა, ძალიან მნიშნველოვანია ამ საქმის გაგრძელება განსაკუთრებით პიკის საათებში.
„დღეის მდგომარეობით, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა მთელი ერთ კვირის განმავლობაში. ნაკადების მართვას ჩვენ გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ გვირაბში“ – განაცხადა კალაძემ.