კალაძე მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ გვირაბის გაგანიერების ინიციატივით გამოდის

280

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ არსებულ 70 მეტრიან გვირაბში მგზავრთა გადასვლა ფიზიკურად შეუძლებელია. კალაძემ ვიცემერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დაავალა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.

„გვაქვს ასევე ძალიან დიდი პრობლემა „სადგურის მოედანთან“, სადაც ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება. იმ 70 მეტრიან გვირაბში, სადაც ხდება ადამიანების გადასვლა, წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს და დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მე მინდა დავავალო ვიცემერს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები ნაკადების მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა დედაქალაქის მთავრობის წევრებს, რათა ჩართონ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები ნაკადების მართვის თვალსაზრისით.

„ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ამიტომ დაიწყეთ ყველანაირად ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, თუ გამოგვივა ვნახოთ სატესტო რეჟიმში, პარალელურად ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე იმისთვის, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება,“- დასძინა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მისთვის პირადად და ასევე, თბილისის მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, რომელებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებიან და მათ შორის მეტროთი.

„საბჭოთა კავშირის დროიდან, რაც მეტროს პროექტი განხორციელდა თითი თითზე არავის არ დაუდია, რომ რაიმე ცვლილება განეხორციელებინათ მეტროში. დავით ნარმანიას დროს იყო ვაგონების განახლების პროექტი, რომელიც განხორციელდა. მთლიანად ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით და თანადგომით, რომ უსაფრთხოება ყველანაირად ყოფილყო დაცული მეტროში, ძალოვანი კაბელების სრული ცვლილება განხორციელდა თავისი სასიგნალიზაციო სისტემებით და დისპეჩერიზაციის მოწესრიგებითა და მოწყობით, ასევე შეიცვალა სანვენტილაციო აგრეგატები და მთლიანად განახლდა“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ყოველწლიურად აახლებენ და აწესრიგებენ მეტროს ვაგონებს, რათა რაც შეიძლება მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს და რაც შეიძლება შემცირდეს მოცდის დრო.

„პირველად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები მოცდის დრო, დაახლოებით, 7-8 წუთი იყო. დღეს, მას შემდეგ, რაც შემადგენლობები დავამატეთ, ჩამოვიდა 3 წუთზე. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უნდა შევამციროთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – დასძინა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს თბილისისთვის.

„ჩემი წარმატება ზუსტად ამ ქალაქიდან დაიწყო და ეს ქალაქი იმსახურებს იმას, რომ იყოს საუკეთესო. იყოს ყველანაირად მოწესრიგებული და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები თავს გრძნობდნენ კომფორტულად. ამაყობდნენ თავიანთი ქალაქით, უბნებით, ქუჩებით, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეებით და ჩვენ გვაქვს იმის მზაობა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ“ , – დასძინა მერმა.