სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა იწყება

282

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ხელშეკრულება გაფორმდა და მას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd“-ის წარმომადგენელმა, ვინსენტ მა-ჯინმა მოაწერეს.

„სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე – ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული, ხოლო პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 324.6 მლნ. ლარს შეადგენს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.