სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს – TI-ის კვლევა

664

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში კორუფციის რისკების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გააანალიზა 2013-2021 წლებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს. უკიდურესად დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევებზე – ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს.

საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი, დიდი ალბათობით, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. ზემოთ ნახსენები გამოწვევების პირობებში, და ასევე იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მაღალი დონის კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, რისი არაერთი სავარაუდო მაგალითიც ამ კვლევაშია მოყვანილი.

მთავარი მიგნებები:

  • 2013-2021 წლებში 656.9 მლნ ლარის საწყისი ღირებულების 5105 საჯარო აუქციონის შედეგად სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მთლიანობაში 872.8 მლნ ლარად გაიყიდა. ყველაზე მეტი (859) აუქციონი 2021 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავალმა 304.9 მლნ ლარი შეადგინა.
  • 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) პრივატიზაციის გზით ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ამ კომპანიების, მათი მეწილეებისა და დირექტორების ნაწილმა (212 კომპანიის 217-მა მეწილემ/მმართველმა) სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 19,655,907 ლარი შესწირა.
  • 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ იქნა მოგებული, რაც კონკურენციის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებელზე რჩება.
  • ასევე დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
  • მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციით ჩატარებული აუქციონები რაოდენობით ერთ მესამედზე ნაკლები იყო (32%), მათი საშუალებით პრივატიზაციის საწყისი თანხა საშუალოდ გაორმაგდა (99.2%-იანი ზრდა) – 214.1 მლნ ლარიდან 426.4 მლნ ლარამდე, რაც პრივატიზაციის გზით შემოსული მთლიანი თანხის 50% იყო.
  • პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით, 2013-2020 წლებში, გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მოწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236 მლნ ლარზე მეტი მიიღო, რომლის დიდი ნაწილიც – 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდებოდა.
  • სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალეა. პროაქტიულად არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია და მთავრობის განკარგულებები. აუქციონების გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ მოკლე დროით ქვეყნდება, ხოლო აუქციონის სხვა მონაწილეების ვინაობა კანონით კონფიდენციალურად ითვლება.

პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:

  • 87 შემთხვევაში პრივატიზების აუქციონი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მოიგო. მათ შორის, 78% (68 ელექტრონული აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. 23 ელექტრონულ აუქციონზე კომპანიები აუქციონის მიმდინარეობისას დარეგისტრირდნენ, მათ შორის, 3 შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების დღეს. შედეგად, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 751,660 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 147 შენობა-ნაგებობა გაიყიდა.
  • 29 შემთხვევაში პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 10 შემთხვევაში კომპანიებს 532,183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 46 შენობა-ნაგებობა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. საერთო ჯამში, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 860,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 4,619,056 კვ.მ. Სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და 85 შენობა-ნაგებობა გასხვისდა.
  • არის შემთხვევები, როდესაც პრივატიზების აუქციონში / პირდაპირ კონტრაქტს იღებს თანამდებობის პირი ან ოჯახის წევრი, ან ისეთი კომპანია, რომლის მეწილე ან დირექტორი არის თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი. 2013-2020 წლებში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა (სია იხილეთ კვლევის ძირითად ტექსტში) – საუბარია 328,860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 45 შენობა-ნაგებობის გაყიდვაზე:
    • 26 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირმა/ოჯახის წევრმა მოიგო, მათ შორის, 16 აუქციონი უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);
    • 16 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან  პირდაპირ დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს, მათ შორის, აუქციონების 87.5% (14 აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);
    • 3 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან, გაფორმდა. აქედან 2 შემთხვევაში, მათ ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
    • 5 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. მათ შორის, 3 შემთხვევაში, კომპანიებს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
  • 42 აუქციონის/პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება მიიღეს მმართველი პარტიის იმ შემომწირველებმა, რომლებმაც აუქციონის გამოცხადებამდე/მთავრობის განკარგულებამდე მცირე პერიოდით ადრე, ან აუქციონის მოგებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე შესწირეს თანხა.

შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. მყიდველებმა სხვადასხვა დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს.

  • სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” არ გააჩნია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე კონკრეტული მექანიზმი. ასევე, სააგენტომ უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში.

შენიშვნა მეთოდოლოგიის შესახებ:

კვლევის ფარგლებში შესწავლილია მხოლოდ სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე არსებული უძრავი ქონების (მიწა და შენობა-ნაგებობები) გასხვისება, როგორც საჯარო აუქციონის, ისე პირდაპირი პრივატიზების პროცედურით.

შესაბამისად, კვლევა არ მოიცავს იჯარას, უძრავი ქონების გარდა სხვა სახის სახელმწიფო ქონების განკარგვას (მაგ: ტყის ფონდი, მოძრავი ქონება ან სახელმწიფო საწარმოები). კვლევა ასევე არ მოიცავს, მუნიციპალიტეტების, მათ შორის არც თბილისის, მერიების მიერ განხორციელებულ პრივატიზაციას, რომლებიც თავად განკარგავენ მათ ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას.

კვლევაში ახლადრეგისტრირებული კომპანია გულისხმობს კომპანიას, რომელიც აუქციონის გამოცხადებამდე / პირდაპირი პრივატიზაციის განკარგულებამდე არაუგვიანეს 6 თვისა დარეგისტრირდა.

ზოგადი მონაცემები

საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. მაგალითად, სხვადასხვა დათვლებით, სახელმწიფოს ბალანსზეა ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 67.5%.[1] ეს სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, რაც ამჟამად ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენება, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზაციის დროს მინიმუმამდე შემცირდეს ის რისკები, რაც აზარალებს სახელმწიფოსა და მის მოსახლეობას.

ცენტრალური ხელისუფლების ბალანზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაცია ორი მეთოდით ხდება:

  1. საჯარო ელექტრონული აუქციონით, რომელიც 2010 წელს შექმნილი სპეციალური ვებგვერდის (eauction.ge) საშუალებით ტარდება; და
  2. პირდაპირი მიყიდვის წესით, რომლის დროსაც მთავრობა განიხილავს კონკრეტული სუბიექტის მიერ ქონების შეძენაზე გამოთქმულ სურვილს და იღებს გადაწყვეტილებას განკარგულებით.

ორივე შემთხვევაში ქონებას საპრივატიზაციოდ ამზადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

პრივატიზაცია აუქციონის წესით

პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საუკეთესო საშუალება ღია აუქციონის მეთოდის გამოყენებაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო 2010 წელს აუქციონის ელექტრონული პლატფორის www.eAuction.ge ამოქმედება, რომელმაც ყველა სახის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია/პრივატიზაცია ერთ სივრცეში გააერთიანა.

2013-2021 წლებში წარმატებით ჩატარდა 5,105 საჯარო აუქციონი, რომელთა საწყისი ღირებულება 656.9 მლნ ლარი იყო. შედეგად, სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მთლიანობაში 872.8 მლნ ლარად, საწყის ფასზე თითქმის 216 მლნ ლარით მეტად გაიყიდა. ყველაზე მეტი აუქციონი (859) 2021 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონება 304.9 მლნ ლარად გაიყიდა.

პრივატიზაცია პირდაპირი წესით

2013-2020 წლებში გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429-ზე მეტი კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მოწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236.6 მლნ ლარი მიიღო (2015 წლის მონაცემის გამოკლებით), საიდანაც უმეტესობა – 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდება.

პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ მონაცემები სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან” არასტრუქტურირებული და ხარვეზიანი ფორმით მივიღეთ, რის გამოც კვლევაში მოცემული რიცხვებს, შესაძლოა, გარკვეული ცდომილება ახასიათებდეთ. ასევე, კონტრაქტების რაოდენობაში არ შედის საქართველოს საპატრიარქოსთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება.

*გრაფიკი არ ასახავს 2015 წლის მონაცემებს.

პრივატიზაცია ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, სადაც კორუფციის თანდაყოლილი რისკი არსებობს, რადგან საქმე გვაქვს საჯარო რესურსების განკარგვასთან. რაც უფრო სუსტია კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები (მაგ: კონკურენცია, გამჭვირვალობა, ზედამხედველობა, დარღვევებზე რეაგირება), მით უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული ეს თანდაყოლილი რისკი. კვლევის მომდევნო ნაწილებში განხილულია სწორედ ამ შემაკავებელი მექანიზმების მდგომარეობა.

დაბალი კონკურენცია

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კონტექსტში კორუფციული რისკების შემცირების მთავარი მექანიზმი მაქსიმალურად კონკურენტული გარემოს შექმნაა. კონკურენცია ამცირებს ფარული გარიგებებისა და თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრივატიზაციის აუქციონები ელექტრონულად ტარდება, კონკურენციის დონე უკიდურესად დაბალია, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის კორუფციული შინაარსის დარღვევებისთვის. 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. ამასთან, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებლზე რჩება.

ასევე დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. ჩაშლილი აუქციონების ასეთი დიდი რაოდენობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს პრივატიზაციის მიმართ ნდობის ან მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. ნებისმიერ შემთხვევაში, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღოს მონაწილეობა აუქციონში.

კორუფციის რისკის შემცირების გარდა, კონკურენცია მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მომტანია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციით ჩატარებული აუქციონები რაოდენობით ერთ მესამედზე ნაკლები იყო (32%), მათი საშუალებით პრივატიზაციის საწყისი თანხა საშუალოდ გაორმაგდა (99.2%-იანი ზრდა) –  214.1 მლნ ლარიდან 426.4 მლნ ლარამდე, რაც პრივატიზაციის გზით შემოსული მთლიანი თანხის 50% იყო.

ქონების ეროვნული სააგენტო მისი საქმიანობის წლიურ ანგარიშებში აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანია მოახდინოს გაყიდვების სტიმულირება, პოტენციურ ინვესტორებს მიაწოდოს ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტების შესახებ და აუქციონზე შექმნას კონკურენტული გარემო, რაც წინაპირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პრივატიზაციის შედეგად მიღებული სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა. ის ფაქტი, რომ კონკურენციის მაჩვენებელი წლების  განმავლობაში ასეთი დაბალია, მიანიშნებს, რომ სააგენტოს ძალისხმევა არ არის საკმარისი და საჭიროა ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობა.

აუქციონისგან განსხვავებით, პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში კონკურენციის უზრუნველყოფა რთულია. თუმცა, კანონი ითვალისწინებს პირდაპირი მიყიდვის პროცედურას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, რომლის დროსაც მინიმუმ 1 თვის ვადით საჯაროდ ცხადდება ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც სწორედ კონკურენციის გაზრდას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, ეს პროცედურა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და 2012-2021 წლებში კონკურენტული შერჩევის ეს წესი არცერთხელ არ გამოყენებულა.

სავარაუდო კორუფციული შემთხვევები

კვლევის ფარგლებში შევეცადეთ გაგვერკვია, აქვს თუ არა ქონების ეროვნულ სააგენტოს კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე სახის მექანიზმები. სამწუხაროდ, სააგენტოსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მექანიზმები დანერგილი არ არის. სააგენტომ ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში.

კორუფციის პრევენციის მექანიმზების არარსებობის და, ასევე, დაბალი კონკურენციისა და გამჭვირვალობის პირობებში სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის ან მითვისების მომეტებული რისკი არსებობს.

პრობლემის საილუსტრაციო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2020 წლის დასაწყისში აუქციონზე გაყიდული ბაღდათის რაიონის, სოფელ ვარციხეში მდებარე, ე.წ. “ანანოვების სასახლე” (7,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა). მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრივატიზების პროცედურა დარღვევების გარეშე წარიმართა, არსებობდა რამდენიმე საეჭვო გარემოება, რომელთა ერთობლიობა მიანიშნებდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა წინასწარ არაფორმალურ შეთანხმებას, თუ ვის უნდა მოეგო აუქციონი. ეს გარემოებები იყო:

  • აუქციონი ახალი წლის დღეებში ჩატარდა, 2019 წლის 31 დეკემბერიდან 2020 წლის 13 იანვრამდე, როდესაც მოსალოდნელია ყველაზე დაბალი კონკურენცია. ამ შუალედში მხოლოდ 6 სამუშაო დღე იყო.
  • გამარჯვებული კომპანია  აუქციონის გამოცხადების პარალელურად დარეგისტრირდა – აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოცხადდა, გამარჯვებულმა კომპანიამ კი განაცხადი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ 12:51 სთ-ზე შეიტანა და იმავე დღეს 15:19 საათზე დარეგისტრირდა.
  • აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 2013-2019 წლებში სასახლის ყიდვის სურვილი 8 ფიზიკურ პირს/კომპანიას ჰქონდა დაფიქსირებული.

მეტიც, აუქციონით პოტენციურად დაინტერესებული პირები ინფორმირებულებიც არ იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან.[2] სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტმა/გაყიდვების სამსახურმა პოტენციურ მყიდველებს არცერთი შესაძლო ფორმით არ შეატყობინა აუქციონის შესახებ და არც სააგენტოს Facebook გვერდზე იძებნება შესაბამისი განცხადება.[3] ერთ-ერთმა კომპანიამ  BM.GE-ს მიაწოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან 10 იანვარს, პარასკევ დღეს გაგზავნილი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იმ ქონების აუქციონი, რომლითაც ის წლების წინ იყო დაინტერესებული, 13 იანვარს, 17:00 საათზე სრულდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ 10 იანვარი პარასკევი იყო, აღნიშნულ პირს „საქართველოს ფოსტამ“ წერილი 15 იანვარს ჩააბარა ანუ აუქციონის ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ. BM.GE-მ კიდევ 2 დაინტერესებულ პირთან გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ სააგენტოდან წერილები მათაც დაგვიანებით მიიღეს.[4]

კორუფციის ამ სავარადო შემთხვევას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ისიც კი უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად მოთხოვნის წერილებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს, ხოლო გენერალური პროკურატურა ინფორმაციას არ გასცემს.

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა საეჭვო გარემოებების შემცველი პრივატიზაციის მრავალი ათეული შემთხვევა:

თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს

  • 2014 წლის აგვისტოში, არსენ ოვეიანმა, უკონკურენტოდ, 30,000 ლარად მოიგო ელექტრონული აუქციონი ქალაქ ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე 1,173 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. არსენ ოვეიანი მამა, სამველ ოვეიანი, იმ დროს ქ. ახალციხის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე იყო.
  • 2014 წლის აპრილში, ნინო გოგოლაურმა, უკონკურენტოდ, 10,500 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი დუშეთის რაიონში, სოფელ ქუბრიაანთკარში მდებარე 2,259 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული 2 შენობით. ნინო გოგოლაურის მეუღლე, გიორგი ლომსაძე იმ დროს შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
  • 2016 წლის აგვისტოში, მიხეილ გედეხაურმა, უკონკურენტოდ, 13,000 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი გარდაბნის რაიონში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 5,000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მიხეილ გედეხაური იმ დროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე იყო.
  • 2017 წლის ოქტომბერში, კახაბერ კვაჭაძემ, უკონკურენტოდ, 17,000 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 2,311 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კახაბერ კვაჭაძე იმ დროს ქ. ოზურგეთის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო.
  • 2019 წლის თებერვალში, მარიკა ჩიტაშვილმა, უკონკურენტოდ, 21,500 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ქალაქ ახალციხეში მდებარე 1,384 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მარიკა ჩიტაშვილი იმ დროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს

  • 2017 წლის აგვისტოში, შპს “მარტვილი ინვესტ”-მა, უკონკურენტოდ, 122,000 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ქალაქ მარტვილში არსებული 9,931 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. იმ დროს, კომპანიის წილის 33.3% გიორგი გეგიას ეკუთვნოდა, რომლის დედა, ირინა გადელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ოფიციალურად 2017 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა, აუქციონის ოფიციალურად გამოცხადებამდე (11 აგვისტო, 2017წ.) 3 დღით ადრე.
  • 2018 წლის თებერვალში, შპს “ვ.ა.გ.”-მა29,500 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ქალაქ ხაშურში, გორგასლის ქუჩა #22-ში არსებულ 2,724 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობა-ნაგებობაზე. კომპანიის წილის 49% ეკუთვნოდა არჩილ ჩაჩანიძეს, რომელიც იმ დროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე იყო.
  • 2018 წლის ივლისში, შპს “Caucasian Metals Terminal”-მა, უკონკურენტოდ, 388,000 ლარად და 214,000 ლარად მოიგო პრივატიზაციის ორი აუქციონი ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე, 5,501.00 კვ.მ. და 3,002.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. კომპანიის 15%-იანი წილი ეკუთვნოდა გოჩა კურდღელიას, ქალაქ ფოთის მერს (წილი სამართავად გადაცემული ჰქონდა სხვა პირისთვის). “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გოჩა კურდღელიას ბიზნესინტერესებთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ ნიშნებზე ადრეც წერდა.[5][6]
  • 2019 წლის იანვარში, შპს “სიონი ლეიქ რესორთ & სპა”-მუკონკურენტოდ, 382,000 ლარად (პირობით) მოიგო პრივატიზაციის აუქციონი თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელიასხევში მდებარე სამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (საერთო ფართობი – 157,715 კვ.მ.) და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე. იმ დროს, კომპანიის წილის 50% ეკუთვნოდა ივლიანე წულაიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2019 წლის 3 იანვარს დარეგისტრირდა, აუქციონის გამოცხადებიდან (21 დეკემბერი, 2018წ.) რამდენიმე დღეში და 2019 წლის 4 იანვარს, აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო. ამასთან, ივლიანე წულაიამ და დიმიტრი ადამიამ (კომპანიის დირექტორი), ერთსა და იმავე დღეს, 2018 წლის 28 სექტემბერს, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, ჯამში 120,000 ლარი გადარიცხეს.
  • 2020 წლის ნოემბერში, შპს “ბლუ ფილდ”-მაუკონკურენტოდ, 19,000 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში არსებული 2,049 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კომპანიის წილის 20% ეკუთვნოდა რომეო ნიჟარაძეს, რომელიც იმ დროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე იყო.

თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს

  • 2016 წლის დეკემბერში, ვარლამ ლიპარტელიანს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 379,000 ლარად გადაეცა ქალაქ თბილისში, ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული ორი არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი – 1,775 კვ.მ.). ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე, გიული ჭკუასელი, იმ დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი იყო. საინვესტიციო ვალდებულება ითვალისწინებდა 2019 წლის 15 დეკემბრამდე სპორტული კომპლექსის შექმნას, ფუნქციონირების დაწყებას და ამ მიზნით 400,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების სტატუსი დარღვეულია, მოთხოვნილია ვალდებულებების ცვლილება და პირგასამტეხლოს პატიება – მიმდინარეობს წარმოება (შესაბამისი განკარგულების პროექტი გაგზავნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში).
  • 2017 წლის აპრილში, გიორგი ბიჭაშვილს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად,  საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადაეცა ონის რაიონში, კურორტ შოვში 7,500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (6 აპრილი, 2017წ., განკარგულება #704). ბიჭაშვილი იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ-„112“ (დეპარტამენტი) დირექტორი იყო.
  • 2019 წლის სექტემბერში, ნიკოლოზ კვეზერელს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადაეცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე ორი არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით – 28,000 კვ.მ. (13 სექტემბერი, 2019 წ., განკარგულება #1962).  ნიკოლოზ კვეზერელი იმ დროს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, დირექტორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

თანამდებობის პირების ან მათი ოჯახის წევრების კომპანიები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს

  • 2015 წლის მარტში, შპს “იბერკომპანი”-მ, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 800,000 ლარად მიიღო ქ. თბილისში, აკადემქალაქის მიმდებარედ არსებული 3,526 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 დეკემბერი, 2014წ., განკარგულება #2620). კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდა სხვა პირზე, ეკუთვნოდა პარლამენტარ გოჩა ენუქიძეს. კომპანიას საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბრამდე 4,000,000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ შესრულებულა.
  • 2017 წლის თებერვალში, შპს “განათლების განვითარების ჯგუფ”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 500,000 ლარად გადაეცა, ქალაქ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #30-ში მდებარე 18,765 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (14 ნოემბერი, 2016წ., განკარგულება #2386). ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის (2017 წლის 14 თებერვალი), კომპანიის დირექტორი და 33.3%-იანი წილის მფლობელი გიორგი მელაძე იყო, რომლის მეუღლე, ქეთევან ალექსიძე, იმ დროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი იყო.
  • 2018 წლის მარტში, შპს “პარტნიორ”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად, გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 6,817 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (6 მარტი, 2018წ., განკარგულება #518). კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი, ზაზა გოგიჩაიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის მეუღლეა.
  • 2018 წლის ნოემბერში, შპს “გლობალ ენტერპრაიზის”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად, გარკვეული საინვესტიციო პირობებით გადაეცა, ქალაქ რუსთავში, რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილისა და მარის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 15,512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობები (30 ოქტომბერი, 2018წ., განკარგულება #2022). კომპანიის დირექტორი და 34%-იანი წილის მფლობელი იყო ლევან გორდულავა, რომლის ძმა, კობა გორდულავა, იმ დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი იყო.

მმართველი პარტიის შემომწირველები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს

  • 2016 წლის 15 ივლისს, შპს “როიალ ასკანა”-მ, უკონკურენტოდ, 9,500 ლარად მოიგო ელექტრონული აუქციონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ასკანაში მდებარე 2,029 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა”-მ, აუქციონის მოგებამდე მცირე ხნით ადრე, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ოცნების ანგარიშზე 120,000 ლარი გადარიცხა.
  • 2016 წლის 4 აგვისტოს, შპს “ლასაგრო”-მუკონკურენტოდ, 29,500 ლარად მოიგო ელექტრონული აუქციონი ბოლნისის  რაიონში, სოფელ რაჭისუბანში მდებარე 3,931 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე  განთავზებულ შენობა-ნაგებობაზე. აუქციონის მოგებიდან მალევე, 2016 წლის 15 სექტემბერს, კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელმა, შპს “ინვეკო”-მ, ქართული ოცნების ანგარიშზე 20,000 ლარი გადარიცხა.
  • 2017 წლის 18 ოქტომბერს, შპს “ჯიო”-მ, უკონკურენტოდ, 25,500 ლარად, მოიგო ელექტრონული აუქციონი ქალაქ თბილისში, პეკინის გამზირზე #15-ის მიმდებარედ არსებული 40 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კომპანიის ორივე მეწილემ, გრიგოლ ლეკვეიშვილმა და თემურ ლეკვეიშვილმა (წილების საერთო ოდენობა – 100%), ერთსა და იმავე დღეს, 2017 წლის 28 სექტემბერს, ქართული ოცნების ანგარიშზე საერთო ჯამში, 115,000 ლარი გადარიცხეს.
  • 2017 წლის 31 ოქტომბერს, შპს “სახარია”-მ, უკონკურენტოდ, 29,000 ლარად,  მოიგო ელექტრონული აუქციონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში მდებარე 4,743 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. კომპანიის დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, დავით პაიჭაძემ, აუქციონის მოგებამდე მცირე ხნით ადრე, 2017 წლის 15 სექტემბერს, ქართული ოცნების ანგარიშზე, 30,000 ლარი, გადარიცხა.
  • 2018 წლის 11 დეკემბერს, შპს “იბერია დისთილერ”-მაუკონკურენტოდ, 79,000 ლარად, მოიგო ელექტრონული აუქციონი ქალაქ თბილისში, სოფელ ფონიჭალაში მდებარე 1,746 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე. კომპანიის დირექტორმა, შალვა ერისთავმა, აუქციონის მოგებამდე მცირე ხნით ადრე, 2018 წლის 11 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე 60,000 ლარი გადარიცხა.
  • 2020 წლის 1 ოქტომბერს, შპს “ჯორჯია მეტალ”-მაუკონკურენტოდ, 22,000 ლარად მოიგო ელექტრონული აუქციონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში არსებული 2,674 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აუქციონის მოგებიდან მცირე ხანში, კომპანიის ორმა მეწილემ ქართული ოცნების სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულება განახორციელა – 2020 წლის 21 ოქტომბერს, კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელმა, ავთანდილ კოჩაძემ, ქართული ოცნების ანგარიშზე 40,000 ლარი გადარიცხა, 2020 წლის 17 ნოემბერს კი, კომპანიის 85%-იანი წილის მფლობელმა, ზურაბ ღიბრაძემ, ქართულ ოცნებას 60,000 ლარი გადაურიცხა.

მმართველი პარტიის შემომწირველები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს

  • 2016 წლის 4 ივლისს, შპს “ლაზარე”-სთან გაფორმდა ხელშეკრულება პირდაპირ პრივატიზაციაზე – კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად (გადახდილი თანხა – 5 ლარი), საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადაეცა ქალაქი რუსთავში, XVI მკ/რ-ში, სტამბულის ბაზრის მიმდებრე ტერიტორია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართი – 295.27 კვ.მ.) (23 ივნისი, 2016წ., მთავრობის განკარგულება #1194). ერთსა და იმავე დღეს, 2016 წლის 18 მაისს, კომპანიის დირექტორმა, ლაშა პარასტაშვილმა ქართულ ოცნებას 28,000 ლარი გადაურიცხა, კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელმა, გიორგი ქუთათელაძემ, კი ქართული ოცნების ანგარიშზე 29,000 ლარი გადარიცხა. აღსანიშანვია ისიც, რომ კომპანია ოფიციალურად 2010 წლის მაისში დარეგისტრირდა, თუმცა ლაშა პარასტაშვილი, კომპანიის დირექტორი ოფიციალურად 2016 წლის 4 ივლისიდან გახდა – ანუ პირდაპირი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დღეს. მთავრობის იმავე განკარგულებით (23 ივნისი, 2016წ., მთავრობის განკარგულება #1194), გიორგი ქუთათელაძეს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად (გადახდილი თანხა – 2 ლარი) გადაეცა ქალაქ რუსთავში, XVI მკ/რ-ში, სტამბულის ბაზრის მიმდებრე ტერიტორიაზე, 96 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ქალაქ რუსთავში XVI მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 45 კვ.მ. მიწის ნაკვვეთი.
  • 2016 წლის 7 ოქტომბერს, შპს “პოლიმერი 1”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, (საინვესტიციო ვალდებულებების პირობა კომპანიამ შეასრულა) გადაეცა ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, პლასტმასის ქარხნის მიმდებარედ, 2,990 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (29 სექტემბერი, 2016წ., განკარგულება #1982). კომპანია “პოლიმერი 1”-ის 100%-იანი წილის მფლობელი, იმ დროს, იყო შპს “პოლიმერი”, რომლის 5-მა მეწილემ – ამირან ადეიშვილმაილია სეფიაშვილმმორის ხუციშვილმაზაზა ხუციშვილმა და რევაზ ქარჩავამ (წილების საერთო ოდენობა 88%), პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში (13.10.2016 და 14.11.2016), ქართული ოცნების ანგარიშზე ჯამში, 190,000 ლარი გადარიცხეს. მოგვიანებით, 2017 წლის 1 თებერვალს, შპს “პოლიმერი” შპს “პოლიმერი 1”-ს შეერწყა.
  • 2017 წლის 24 თებერვალს, შპს “სევსამორა ვილა”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 104,261 ლარად (საინვესტიციო ვალდებულებების პირობა კომპანიამ შეასრულა), გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მდებარე 80,000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართი – 128,522 კვ.მ.) (30 დეკემბერი, 2016წ., განკარგულება #2739). კომპანიის დირექტორმა და 50%-იანი წილის მფლობელმა, გიორგი გაგუამ, 2017 წლის 19-20  სექტემბერს, ქართული ოცნების ანგარიშზე, ჯამში 37,000 ლარი გადარიცხა.
  • 2017 წლის 6 სექტემბერს, შპს “სტორი”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 2,520 ლარად, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე, 840 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. იმ დროს, კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელმა (ახლა 5%), ბეჟანი ანუაშვილმა, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2017 წლის 19 სექტემბერს, ქართული ოცნების ანგარიშზე, 15,000 ლარი გადარიცხა. შპს “სტორმა”, 2019 წლის თებერვალში, კიდევ ერთი პირდაპირი პრივატიზაცია მიიღო, ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე, 1,512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 4,526 ლარად (28 იანვარი, 2019წ., განკარგულება #81) – ამ შემთხვევაში, ბეჟანი ანუაშვილმა, 2019 წლის 1 მაისს, ქართული ოცნების ანგარიშზე 10,000 ლარი გადარიცხა. კომპანიამ ორივე შემთხვევაში დაარღვია საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობა.
  • 2017 წლის 6 ოქტომბერს, შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპ”-ს, (ახლა შპს “თაუერ ჯგუფი გრინ რეზიდენსი”), პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 931,000 ლარად, გადაეცა ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20,366 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ერთსა და იმავე დღეს, 2017 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულება განახორიციელეს – ლერი ბოლქვაძემ – 5,000 ლარი (იმ დროს კომპანიის დირექტორი), ლევან მჟავანაძემ – 5,000 ლარი (კომპანიის მომავალი დირექტორი) და გიორგი ჭყონიამ – 60,000 ლარი (კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 05.08.2019-დან). აქვე აღსანიშნავია, რომ შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპ”ოფიციალურად 2017 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა, პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ მთავრობის განკარგულების გამოცემამდე (28 სექტემბერი, 2017წ., განკარგულება #2039), დაახლოებით ერთი თვით ადრე.
  • 2018 წლის 2 ნოემბერს, შპს “ევროდრიპ”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა, ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებული 5,435 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობები (30 ოქტომბერი, 2018წ., განკარგულება #2023). კომპანიის დირექტორმა და 50%-იანი წილის მფლობელმა, დავით კაპანაძემ, პირდაპირი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 27 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ანგარიშზე, 25,000 ლარი გადარიცხა. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ევროდრიპი” 2018 წლის 5 ივნისს დარეგისტრირდა, პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ მთავრობის განკარგულებამდე რამდენიმე თვით ადრე.
  • 2019 წლის 28 მარტს, შპს “მეამა”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 300,000 ლარად გადაეცა ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარედ არსებულ 10,034 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უცნაურია, რომ თამაზ ხარაიძემ, რომელიც კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი 2021 წლის 23 თებერვლიდან გახდა, შპს “მეამა”-სთან პირდაპირი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 2019 წლის 28 მარტს, ქართული ოცნების ანგარიშზე 20,000 ლარი გადარიცხა. ეს ერთადერთი შემოწირულებაა, რომელიც თამაზ ხარაიძის სახელზე ფიქსირდება.
  • 2020 წლის 27 ნოემბერს, შპს “აკურა”-სთან, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, თელავში, სოფელ აკურაში, 145,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი 223,742 ლარად გადაეცა (22 ოქტომბერი, 2020წ., განკარგულება #2051). კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა, ალექსი მოდებაძემ, 2020 წლის 12 ნოემბერს, ანუ ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული ოცნების ანგარიშზე, 60,000 ლარი გადარიცხა.

ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იგებენ პრივატიზაციის აუქციონებს

  • 2013 წლის 31 დეკემბერს, შპს “3 ლიდო”-მ, უკონკურენტოდ, 525,000 ლარად, მოიგო ელექტრონული აუქციონი, ქალაქ თბილისში, ტერენტი გრანელის ქუჩა #2-4 – ში/ქალაქ თბილისში, ჩიტაიას ქუჩა #1-3-ში პირველ სართულზე მდებარე 467.69 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართზე, 94.97 კვ.მ. სარდაფსა და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კომპანია 2013 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირდა, აუქციონის გამოცხადებამდე (17 დეკემბერი, 2013წ.) ოთხი დღით ადრე.
  • 2014 წლის 13 მაისს, შპს “ფარგალ”-მა, უკონკურენტოდ, 3,000,000 ლარად, მოიგო პრივატიზაციის ელექტრონული აუქციონი, ქალაქ თბილისში, თამარ მეფის გამზირ #24-ში მდებარე 735 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე  (შენობა-ნაგებობების საერთო ფართი – 2,465.82 კვ.მ.). კომპანია აუქციონის გამოცხადებამდე (29 აპრილი, 2014 წ.) 2 კვირით ადრე, 2014 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა.
  • 2015 წლის 3 სექტემბერს, შპს “გორდა”-მუკონკურენტოდ, 518,000 ლარად, მოიგო პრივატიზაციის ელექტრონული აუქციონი, ქალაქ თბილისში, მოსკოვის გამზირ #50-ში მდებარე 967 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. კომპანია აუქციონის გამოცხადებამდე (20 აგვისტო, 2015წ.) ორი დღით ადრე, 2015 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირდა.
  • 2017 წლის 25 აგვისტოს,  შპს “მარტვილი ინვესტ”-მაუკონკურენტოდ, 122,000 ლარად, მოიგო პრივატიზაციის ელექტრონული აუქციონი, ქალაქ მარტვილში მდებარე 9,931 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კომპანია აუქციონის გამოცხადებამდე (11 აგვისტო, 2017წ.) სამი დღით ადრე, 2017 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა.
  • 2018 წლის 10 სექტემბერს, შპს “ემერალდ”-მაუკონკურენტოდ, 161,000 ლარად და 96,000 ლარად, მოიგო ორი ელექტრონული აუქციონი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა (საერთო ფართი – 3,128 კვ.მ.) და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე. კომპანია აუქციონების გამოცხადებამდე (3 სექტემბერი, 2018წ.) სამი დღით ადრე, 2018 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა.
  • 2019 წლის 12 აგვისტოს, შპს “ქართულ-ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტ”-მა, უკონკურენტოდ მოიგო ორი ელექტრონული აუქციონი, 19,500 ლარად და 1,245,000 ლარად (პირობით), ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა #40-ში მდებარე ორ, 80 კვ.მ. და 3,054 კვ.მ. და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი – 3,134 კვ.მ.). კომპანია აუქციონის დაწყების დღეს, 2019 წლის 29 ივლისს დარეგისტრირდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ განცხადება 2019 წლის 26 ივლისს წარედგინა.
  • 2020 წლის 17 ივლისს, შპს “ ზიზუ 2020”-მაუკონკურენტოდ, 1,654,000 ლარა მოიგო პრივატიზაციის ელექტრონული აუქციონი, ქ. თბილისში, პოლიციის ქ. #7ა-ში მდებარე 21,688.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე. კომპანია “ზიზუ 2020” აუქციონის მიმდინარეობის პროცესში, 2020 წლის 2 ივლისს დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ირაკლი მოდებაძემ 2020 წლის 9 ნოემბერს, ქართულ ოცნებას 30,000 ლარი გადაურიცხა. ეს ერთადერთი შემოწირულებაა, რომელიც ირაკლი მოდებაძემ ქართული ოცნების სასარგებლოდ განახორციელა.
  • 2020 წლის აგვისტო-ნოემბერში, შპს “ოცხე 2020”-მა, უკონკურენტოდ მოიგო პრივატიზაციის სამი ელექტრონული აუქციონი – 64,000 ლარად13,000 ლარად და 51,000 ლარად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში. კომპანია 2020 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა, პირველი მოგებული აუქციონის გამოცხადებამდე (7 აგვისტო, 2020წ.), დაახლოებით ერთი თვით ადრე. კომპანიის დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ზურაბ კიკნაძემ, ქართული ოცნების ანგარიშზე 2020 წლის 20 მარტს, 25,000 ლარი გადარიცხა.

ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იღებენ პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტებს

  • 2014 წლის 7 ივლისს, შპს “ჯეოკეპ”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები), გადაეცა ქ. თბილისში ორხევის დასახლებაში მდებარე 15,003 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანია ჯეოკეპი 2014 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, მთავრობის განკარგულებამდე (26 ივნისი, 2014წ., განკარგულება #1142) 13 დღით ადრე.
  • 2016 წლის 25 მაისს, შპს “ასკანგელ ალიანს”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები), გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე 30,294 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანია 2016 წლის 4 აპრილს დარეგისტრირდა, მთავრობის განკარგულებამდე (5 მაისი, 2016წ., განკარგულება #768) ერთი თვით ადრე.
  • 2016 წლის 9 ივნისს, შპს “ფრეკო”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად  (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები), გადაეცა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში მდებარე 1,386 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. კომპანია 2016 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა, მთავრობის განკარგულებამდე (18 მაისი, 2016წ., განკარგულება #861) 20 დღით ადრე.
  • 2018 წლის 1 ივნისს, შპს “ჯიემ სვით ენდ დრინქს”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად (კომპანიამ შეასრულა საპრივატიზებო ვალდებულებები), გადაეცა ქალაქ გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9,884 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობები (საერთო ფართით – 2,155.89). კომპანია 2018 წლის 5 მარტს დარეგისტრირდა, მთავრობის განკარგულებამდე (28 მაისი, 2018წ., #1179 განკარგულება) რამდენიმე თვით ადრე.
  • 2019 წლის 22 ივლისს, შპს “ეკო ჯორჯია”-ს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 1 ლარად, გადაეცა ქალაქ გორში, სუხიშვილის ქუჩა #2-ში მდებარე 5,550 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით – 3,355.17 კვ.მ). კომპანია 2019 წლის 23 მაისს დარეგისტრირდა, მთავრობის განკარგულებამდე (16 ივლისი, 2019წ., #1646 განკარგულება) რამდენიმე კვირით ადრე.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა

კვლევის განმავლობაში გამოიკვეთა პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა. გამჭვირვალობის დონის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ცვლილებაა, რასაც ფართო და გრძელვადიანი შედეგის მოტანა შეუძლია, როგორც კორუფციული რისკების შემცირების, ისე კონკურენციის გაზრდისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მეტი ფინანსური სარგებლის მოტანის მხრივ.

ინფორმაცია არ ქვეყნდება პროაქტიულად

აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია (ქონების აღწერა, აუქციონის თარიღები, საწყისი და საბოლოო ღირებულება, ბიჯის ოდენობა, საპრივატიზებო პირობები) ხელმისავდომია ვებგვერდზე eauction.ge, რომლის გამოყენებითაც ტარდება სახელმწიფო ქონების განკარგვის ელექტრონული აუქციონები. თუმცა ამ ვებგვერდზე არ ქვეყნდება ინფორმაცია აუქციონში გამარჯვებული პირის შესახებ – ეს ინფორმაცია სხვა ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი (privatization.ge), თუმცა მხოლოდ შეზღუდული დროით – დაახლოებით 2 თვის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა საიტიდან იშლება.

პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ქვეყნდება მისი ოფიციალური მოთხოვნის გარეშე. მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, სსიპ “სახელმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ გაცემული ინფორმაცია არასტუქტურირებული და, ზოგჯერ, არასრულია, რაც ამცირებს მის სანდოობასა და ართულებს მის გამოყენებას.

პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება კანონითაც არის დადგენილი.[7] ამ ეტაპზე ეს ვალდებულება სათანადოდ არ სრულდება.

აუქციონში მონაწილეთა ვინაობა კონფიდენციალურია

არსებული რეგულაციების მიხედვით,[8] აუქციონის დასრულების შემდეგ მხოლოდ გამარჯვებულის ვინაობა ხდება საჯარო, ხოლო სხვა მონაწილეების ვინაობა კონფიდენციალურად რჩება. ამგვარი გაუმჭვირვალობა ავნებს პრივატიზაციისადმი ნდობას და ართულებს გარე ზედამხედველობას.

მთავრობის განკარგულებები არ არის ხელმისაწვდომი

პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემაა მთავრობის შესაბამისი განკარგულებების ხელმისაწვდომობა. სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განკარგულების სახით გამოიცემა, თუმცა, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განკარგულებები აღარ გვხვდება 2020 წლის მარტის შემდეგ.[9] მთავრობის ადმინისტრაცია ასევე არ გასცემს ამ დოკუმენტებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, რითიც არღვევს კანონს. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის პირდაპირ პრივატიზაციაზე ეფექტურ გარე ზედამხედველობას.

ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა მუნიციპალურ დონეზე

ეს კვლევა თავდაპირველად მუნიციპალური პრივატიზაციის შესწავლასაც ისახავდა მიზნად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა სწორედ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სირთულეების გამო. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე 64 მუნიციპალიტეტიდან 15-მა პასუხი არ გაგვცა, მათ შორის არც თბილისისა და ბათუმის მერიებმა. თბილისის მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შესაბამისი მონაცემები დამუშავებული არ არის, რაც უცნაურია, რადგან თბილისის მერია პრივატიზაციის აუქციონებს ელექტრონულად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით ატარებს, რაც, წესით, ინფორმაციის მარტივად ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

რეკომენდაციები

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში არსებული კორუფციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია:

  1. კონკურენციის გაზრდა – კონკურენციის დონის გაზრდის გარეშე რთულად წარმოსადგენია კვლევაში გამოვლენილი კორუფციული რისკების შემცირება. კონკურენციის წასახალისებლად შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:
    • სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი დეტალური საპრივატიზებო გეგმა, რომელიც საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი;
    • სააგენტომ უნდა გააძლიეროს მუშაობა ქონების პოტენციურ შემძენებთან, აუქციონებში მეტად კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით;
    • გამოირიცხოს ყველა ის გარემოება, რის გამოც შეუძლებელია ქონების აუქციონის საფუძველზე განკარგვა;
    • მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების პრაქტიკა და უნდა მოხდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის პროცედურის წახალისება.
  2. გამჭვირვალობის გაზრდა – გამჭვრივალობის დონის გაზრდა არის მარტივი და ეფექტური საშუალება ნებისმიერ სფეროში კორუფციული რისკების შესამცირებლად. ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:
    • სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” სრულად, პროაქტიულად და დამუშავებად ფორმატში (მაგ.: Excel), უნდა გამოაქვეყნოს პრივატიზაციის სხვადასხვა პროცედურით გასხვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია;
    • მთავრობის ადმინისტრაციამ უარი უნდა თქვას განკარგულებებისა და დადგენილებების არგამოქვეყნების მავნე პრატიკაზე, სრულად გაასაჯაროოს და ხელმისაწვდომი გახადოს ეს დოკუმენტები;
    • უნდა შეიცვალოს კანონის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულის გარდა, აუქციონში მონაწილეთა ვინაობა კონფიდენციალურია.
  3. კორუფციის შემაკავებელი მექანიზმების შექმნა – მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, რომელთა მიზანი იქნება კონკრეტულად კორუფციის რისკების შემცირება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში:
    • სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” გარე ექსპერტების ჩართულობით უნდა ჩაატაროს პრივატიზაციის პროცესის კორუფციული რისკების შეფასება და ამ შეფასების შედეგებიდან გამომდინარე შეიმუშაოს პრივატიზაციის სფეროში კორუფციის საპრევენციო გეგმა;
    • ამ გეგმის ნაწილი უნდა იყოს კეთილსინდისიერების კონკრეტული მექანიზმების დანერგვა, როგორიცაა, მაგალითად: პრივატიზაციით დაინტერესებული პირების კეთილსინდისიერების წინასწარი შესწავლის პროცედურის დანერგვა, ინტერესთა შეუთავსებლობის შეზღუდვების და მათი აღსრულების მექანიზმის შემოღება, დარღვევების შესახებ მხილების წახალისება და შესაბამისი პროცედურის შემოღება;
    • სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის სფეროში კორუფციის შეკავების საჭიროება უნდა აისახოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
  4. რეაგირება შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე – საგამოძიებო და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება სახელმწიფო ქონების განკარგვის ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც არსებობს კორუფციისა თუ სხვა სახის დარღვევის ნიშნები, მათ შორის იმ საეჭვო შემთხვევებზე, რომლებიც ამ კვლევაში არის ნახსენები.