ნარმანია: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

462

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს.

„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე. როგორც მან აღნიშნა, კომპანიას ამორტიზებული და მოძველებული ინფრასტრუქტურის შესაცვლელად მეტი ინვესტიცია სჭირდება.

„მარეგულირებელმა კომისიამ დაამტკიცა GWP-ის საინვესტიციო გეგმა, როცა ტარიფი დადგინდა, შესაბამისად, ამ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში, სადაც კომპანია ოპერირებს, უნდა მოაწესრიგოს მოძველებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისი მიმართულებები, პროექტები უკვე დამტკიცებულია და კომპანია ამას მოჰყვება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქსელის დიდი ნაწილი არის ამორტიზებული, უფრო მეტი ინვესტიცია და სხვა ტიპის მენეჯმენტი სჭირდება. ამდენად, მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, – განაცხადა ნარმანიამ.