თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როგორც შარშან, პანდემიის დროს, წელსაც დაეხმარებიან ღამის კლუბებს და მზად არიან ამ საკითხზე შეხვდნენ მათ წარმომადგენლებს. ამაზე მან იმედის ეთერში, “იმედი Live”-ში ისაუბრა.
“ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ვისაც აქვს შექმნილი, ესაა ღამის კლუბები. აქედან მივმართავ, რომ გასულ წელს სერიოზული დახმარება აღმოვუჩინეთ და ახლაც მზად ვართ, შევხვდეთ ამ ბიზნესს.
დიდი სახელი გაუთქვეს ჩვენს ქალაქს, უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს და პოზიტიურია ასეთი კლუბების არსებობა. მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, სანამ ეს შეზღუდვა იქნება”, – თქვა კალაძემ.
საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
გუშინ, 22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.
“მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.