ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის შედეგები კანონში აისახება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად მიიღო კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტით მოქმედ კანონში ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა ხდება.
კანონპროექტით განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები) და ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ).
ასევე დაცული ტერიტორიების საზღვრებში შევა ტყით დაფარული და გატყევებული ფართობები, რომლებიც ძველი საზღვრებით დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იყო დარჩენილი. შესაბამისად, დემარკაციის სამუშაოების შედეგად: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ფართობი მცირდება 2078 ჰა-თი და იქნება 73 765 ჰა. როშკის ბუნების ძეგლის ფართობი მცირდება 12,4 ჰა-თი და იქნება 110 ჰა. ასის აღკვეთილის ფართობი არ იცვლება და რჩება იგივე – 3943 ჰა.
კანონპროექტით აგრეთვე წესრიგდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის, დაცვის და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.