ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრის“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსში 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპა-ცენტრი მონაწილეობდა.
“ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა. ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად”, – განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ამასთან, „საირმე“ არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.