დაბრუნებულ მიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

331

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა თავადვე შეარჩიეს.

„სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის ხელმეორედ დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკვე 400-მდე მიგრანტი დაფინანსდა.