აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი წინადადებით გამოდის, სამსახურიდან დაითხოვონ განათლების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, – ამის შესახებ ასლან ბჟანიამ 8 დეკემბერს გაგრაში გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და სიტუაციის გამომსაწორებლად, მისი დაჩქარებაა აუცილებელი, წერს “აიაირა” .
“ჩვენ ამ საქმისთვის ფულს ვხარჯავთ. გთხოვთ. ჩვენ პრიორიტეტი ვართ. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც არ აძლევენ ვაქცინას, ჩვენ კი პროცესის ორგანიზებაც ვერ მოგვიხერხებია. დაავალეთ ყველა მასწავლებელს. ნუ გეშინიათ, იყოთ ცუდები. არ იქნებით ცუდები. ეს სწორი პოზიციაა – გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს”, – თქვა ბჟანიამ.
ამავე შეხვედრაზე, აფხაზმა ლიდერმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს სკოლების მიხედვით, ვაქცინაციის გრაფიკის დაწესება და შემდეგ, მასწავლებლების სოხუმში ასაცრელად გაგზავნა დაავალა. თან დასძინა, რომ პირადად გააკონტროლებს პროცესს.