კალაძე: გარევაჭრობასთან დაკავშირებით, პირდაპირ ვიტყვი, რომ კანონი უნდა აღსრულდეს

396

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარევაჭრობასთან მიმართებით კანონი აღსრულდება. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად წევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარევაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გამგეობებთან ერთად შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილები, რომლებიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება”, – თქვა კალაძემ.

2 დღეა მერია დელისის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრება.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიაზე გუშინაც მივიდნენ. მათ გამოჩენას კვლავ ხმაური მოჰყვა. 

აღსანიშნავია რომ, გარემოვაჭრეებმა ფორმულას ჯგუფს უთხრეს, რომ მას შემდეგ რაც გადამღებმა ჯგუფმა ტერიტორია დატოვა, მერიის თანამშრომლებმა მათი პროდუქცია მიზანმიმართულად დააზიანეს.

მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები კი ამბობენ, რომ შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ და გარევაჭრობის გარეშე ვერ იარსებებენ.