კალაძე საბა ბუაძეს: კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ – რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ სიმართლე ცხვირ-პირში

352

კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ – რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ სიმართლე ცხვირ-პირში, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის კრიტიკას.

აღნიშნული საბა ბუაძის მიმართვას მოჰყვა, კერძოდ:

„გამაოგნებელია ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სიტყვა „კორუმპირებული,“ რომელიც არის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, ამ დარბაზში არ უნდა იქნას ნახსენები და პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ უნდა იყოს, ეს გულუბრყვილობაა?!“- განაცხადა ბუაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართვას კახა კალაძის შეფასება მოჰყვა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ.“

საბა ბუაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების ატანა მათ აუცილებლად მოუწევთ:

„ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, – მიმართა ბუაძემ კალაძეს.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ ყოველ ტყუილზე სიმართლე მოხვდებათ სახეში:

„არც სამართალი იცით და არც პოლიტიკის გაგებაში არ ხართ. რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ ცხვირ-პირში… რამდენჯერაც იტყვით, იმდენჯერ სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში“, – აღნიშნა კალაძემ.

ბუაძემ განაცხადა, რომ ეს სამარცხვინო საქციელია და უმჯობესი იქნება „ცხვრი-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს.“