ფინანსთა მინისტრი 2022 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს

346

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს.

ეკონომიკური ზრდა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება – ეს ის პრიორიტეტებია, რაზეც 2022 წლის ბიუჯეტია ორიენტირებული.

„შემდეგი წლის ბიუჯეტში ცალსახად 2 მთავარი მიმართულება იკვეთება. ზრდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის, თუმცა მე 2 მთავარ მიმართულებას გამოვყოფ. ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. კაპიტალურ ხარჯებზეა დამოკიდებულია როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, რადგან ამას ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში და ამ მიმართულებით კაპიტალური ხარჯები 9.1% გვაქვს მშპ-სთან, რაც გასული წლების განმავლობაში ისტორიული მაქსიმუმია. ცალსახად იკვეთება, რომ ეკონომიკური ზრდა ის მნიშვნელოვანი პარამეტრი იქნება, რაზეც ბიუჯეტი შესაბამისი მიმართულებით იქნება დაფინანსებული.

მეორე – ჯანდაცვის მიმართულებაა, რომელიც გარკვეულწილად პირველ საკითხს – ეკონომიკურ ზრდასაც პასუხობს. პანდემია და მისგან გამომდინარე რისკები პრაქტიკულად ყველაზე დიდი რისკია, რაც ეკონომიკურ ზრდას მომდევნო წლებში შეიძლება ჰქონდეს. ამ მიმართულებით ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები გვაქვს ასახული, შეძენილი გვაქვს ვაქცინები და ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის ეს ხარჯები იმ მოცულობით იქნება ათვისებული, რა მოცულობითაც არის წარმოდგენილი.

გარდა ამისა არის სოციალური მიმართულება, რომელიც მთელი რიგი მიმართულებით იზრდება – ეს იქნება სოციალური დახმარების, პენსიების, თუ მიზნობრივი დახმარებების ნაწილში და ვფიქრობ, ეს მიმართულებები ძალიან მნიშნელოვანია“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.