ვერც ერთ ფაქტს ვერ დამიდასტურებთ, რომ ასეთი რაღაც ვინმემ იკადრა – კალაძე ოპონენტების მოსყიდვაზე

330

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არ უნახავს ჩანაწერი, რომელშიც ბათუმში საკრებულოს დეპუტატ, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და შანტაჟი ისმის, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მიუხედავად ამისა ამბობს, რომ ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ვერავინ, სადაც “ოცნებამ” ვინმეს მოსყიდვა იკადრა.

“არ ვიცი, არ მინახავს, ვერ გეტყვით. [რიჟვაძეს ადებენ ხელს] არ ვიცი, ესეთი სპეკულაციები ბევრი მოგვისმენია, ამიტომ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება, დამადასტურებელი კონკრეტული ქმედებები და ა.შ ამიტომ გამიჭირდება, კონტექსტი არ ვიცი.

გამოძიება ყოველთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის აქვს რეაგირება, თუ რამე კანონდარღვევა არსებობს ყოველთვის ყვება ამას რეაგირება და რა თქმა უნდა დამნაშავე ყოველთვის დაისჯება კანონის ფარგლებში”, – თქვა კახი კალაძემ.

კითხვას, არის თუ არა “ქართული ოცნების” მეთოდი, რომ ოპონენტებს საკრებულოებში უმრავლესობის მოსაპოვებლად ფული შესთავაზოს უპასუხა:

“ვერც ერთ ფაქტს ვერ დამიდასტურებთ თქვენ, რომ ასეთი რაღაც ვინმემ იკადრა და გააკეთა, არ ვიცნობ ჩანაწერს, ამიტომ გამიჭირდება დეტალებში შესვლა,” – ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმეში ჩართული თორნიკე რიჟვაძის მამა იყო. მოსალაპარაკებლად კი ფუტკარაძეს ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიუგზავნეს.