დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის „მწვანე პასპორტი“, რომელიც საზღვარგარეთ მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„კოვიდგადატანილი პაციენტების საკითხი, ვინც ბაზაში არ არიან და პრობლემის მოგვარების გზები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილება. „მწვანე პასპორტის“ ძირითადი დანიშნულება არის, ის რომ ამით ადამიანებს ექმნებათ გარკვეული დისკომფორტი და მათთვის აცრის სტიმული და მოწოდებაა. ამ დროისთვის არსებული გადაწყვეტილებით, არის ორნაირი პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღრიცხულია, რომ თუ ადამიანს გადატანილი აქვს, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში. რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბით QR კოდს, რომელიც საზღვარზე მოწმდება, იცით, რომ ჩვენი კოდის ევროპულ QR-კოდთან ჰარმონიზირება მოხდა. ევროპაში ითვლება, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილით, ამიტომ აქაც მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია დაშვებული იყოს ორნაირი „მწვანე პასპორტის“ ვარიანტი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის. იქ ევროპულ QR კოდთან ჰარმონიზირდეს ჩვენი QR კოდი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა კოვიდგადატანილი ადამიანისთვის უვადო პასპორტის ქონა, ასე უპასუხა – „მე რასაც საბჭოზე ვლაპარაკობ, ტელევიზორში იმას არ ვყვები“.