გამყრელიძე: კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემა შეიძლება, გადაიხედოს

318

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხი, რომლის მიხედვითაც ეს სტატუსი მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა.

პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდება „მწვანე პასპორტის“ რეჟიმი. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც პირს “მწვანე სტატუსი” მიენიჭება, ეს არის COVID19-ის გადატანა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე NCDC-ს სხვა პოზიცია ჰქონდა, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღო.

გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს,

ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რომ მწვანე პასპორტი მოიცავს ოთხ ინდიკატორს, ესენია: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტი და ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ინტერსექტორალური ორგანოა, სადაც 25-მდე ადამიანი – სხვადასხვა მიმართულების და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელია.

„როგორც წესი, საკითხი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ან თქვენი მონა-მორჩილი თუ რამეს იტყვის, ეს აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ეს განიხილება და მერე უმრავლესობის აზრი არის“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება.