გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა

276

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ვირუსის გადატანის შემთხვევაში რამდენად ემხრობა პირადად იმას, რომ უვადოდ იყოს ე.წ. მწვანე სტატუსი.

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს.

საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, „მწვანე პასპორტში“ შედის ოთხი ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR ტესტი, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.