60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ.
ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა. 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.
იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, მათ ერთჯერადი დანამატი „ლიბერთი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლადგახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
ის ბენეფიციარები კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 099-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 082 020 აცრა გაკეთდა.