გურჯაანში კოვიდსაწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის სამოდელო პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
კახეთის მუნიციპალიტეტებიდან, გურჯაანი იქნება პირველი რეგიონში, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ჩატარდება.
მუნიციპალიტეტის ცენტრალური სამედიცინო დაწესებულებების და სოფლის ამბულატორიების ექიმები და ექთნები მასობრივად ერთვებიან ვაქცინაციის პროცესის გაფართოების სამუშაოებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაკომპლექტებული სპეციალისტთა ჯგუფი, 17 ნოემბერს, ათობით ადგილობრივ მედიკოსს კიდევ ერთხელ ინტენსიური სწავლებას, ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ და კვალიფიციურად წარმართვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟს ჩაუატარებს.
გაიმართება როგორც თეორიული სწავლებები, ასევე პრაქტიკული პროცედურების დეტალური განხილვა.
ტრენინგის შემდგომ კი, ხუთშაბათიდან გურჯაანსა და მის სოფლებში ერთდროულად დაიწყება მოსახლეობის აცრა.
ვაქცინაცია წარიმართება ყველა იმ სოფელში, სადაც სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს, რაც სოფლის მცხოვრებთ გაუმარტივებთ ვაქცინებზე წვდომას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი იქნება პირველი დასახლება საქართველოში, სადაც მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდება და მოსახლეობას აცრაზე ხელმისაწვდომობა უპრეცენდენტოდ გაუმარტივდება. აღსანიშნავია, რომ მედპერსონალი მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტურობის შესახებ მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას, რის შემდეგაც ადგილობრივებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება თავად შეეძლებათ.
ვაქცინაციის ხელშეწყობის ახალი ინტერვენცია პირველად გურჯაანიდან იწყება, აღნიშნული მოდელი უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
ახალი საინტერვენციო კამპანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის დაგეგმილი. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.