კალაძე: მომდევნო წლიდან, 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებას

257

მომდევნო წლიდან, 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეები არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„2017 წლიდან დღემდე ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ პარკებისა და სკვერების სახით, თუმცა ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – თბილისს აქვს ძალიან დიდი რესურსი ამ მიმართულებით და მომდევნო წლები იქნება რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტი პარკებისა და სკვერების განახლება-რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების შექმნა.

ისნის რაიონის გამგეობამ დაამთავრა კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი. არტურ ლაისტის ქუჩაზე მოეწყო რეკრეაციული სივრცე, სკვერი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი, ველობილიკი, აქვე განთავსებულია ორი საბავშვო მოედანი. ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, ფანჩატური, დასასვენებელი სივრცე ადამიანებისთვის, დაირგო ახალი ხეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა ლედ განათება. ამ პროექტის განხორციელებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ მომდევნო წლიდან, 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებას. ყველა რაიონში, უბანში, სადაც შესაძლებელი პროექტების განხორციელება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეიქმნას მწვანე სივრცეები. გარდა ამისა 15 დიდი პარკის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი. აქედან 9 ახალი პარკი იქნება და საკმაოდ გალამაზდება ჩვენი ქალაქი. ისე არაფერი უხდება ამ ქალაქს, როგორც გამწვანება“, – განაცხადა კახა კალაძემ.