თბილისის მუნიციპალიტეტის შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობის მიზანია საბოლოო ბიუჯეტი მილიარდ 700 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
„როდესაც ჩვენ 2017 წელს მოვედით ქალაქის მთავრობაში ბიუჯეტი შეადგენდა 820 მილიონს და ავედით მილიარდ 200 მილიონზე, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, უფრო მეტი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ ადამიანებსა და ოჯახებს, ვისაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს უკვე წარედგინა შუალედური ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ნაწილი შედგება მილიარდ 200 მილიონისგან, დონორებისგან მოზიდული თანხები კი დაახლოებით 230 მილიონია და ჯამურად შუალედური ბიუჯეტი 1,4 მილიარდს შეადგენს. კალაძემ დასძინა, რომ დამატებით თანხების მოძიების მიზნით თბილისის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.