დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, დაახლოებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა შეძლებს, ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია, რომელშიც, კორონავირუსთან და კოვიდვაცინაციასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მონაცემები იქნება ასახული.
„მოგეხსენებათ, ჩვენ მივუერთდით ევროკავშირის კოვიდპასპორტისა და აპლიკაციის ინსტრუმენტს. ესაა ურთიერთგაცვლის ინსტრუმენტი. სულ რამდენიმე დღეში, გაკეთდება განცხადებები, რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, სადაც აღნუსხული იქნება მონაცემები აცრის, ბოლო PCR-ტესტისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ. მისი მეშვეობით, საშუალება გექნებათ, რომ კოვიდპასპორტი 1-ლი დეკემბრიდან შევიდეს ძალაში და ასევე, მოგზაურობის დროს, პრობლემა არ შეგექმნათ. ეს სულ მალე, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში მოხდება. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის შესაბამის უწყებებში დღეს უნდა გამოქვეყნდეს გადაწყვეტილება და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკურად, მონაცემების დაერთება დამთავრებულია. არ მგონია, ამას ერთ კვირაზე მეტი დრო დასჭირდეს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.