წალენჯიხის არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა აცხადებს, რომ პრემიერმინისტრთან დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება

502

წალენჯიხის არჩეულმა მერმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ მან მიიღო მიწვევა პრემიერისგან, მაგრამ არ დაესწრება „საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას“. გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანაშრომლობისთვის მზადაა.

წერილში, რომელიც გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, განმარტა, თუ რატომ არ შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

”ვადასტურებ,რომ მივიღე, საქართველოს პრემიერმინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება. ამ გზაზე,რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან. აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში. ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ(ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს: სოლიდარობა ჩემს კოლეგებს,რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რომელთანაც ,არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას,სულ სხვა შედეგი დადგებოდა!სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში! საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში. არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია. მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე,როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება! დღეს კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი,რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ – მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ”, – წერს ხარჩილავა.