გურიის რწმუნებული: რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს „განახლებული რეგიონების“ პროექტი, რომელმაც მრავალ ადამიანს შესაძლებლობა მისცა, დასაქმებულიყვნენ

410

გურიის რეგიონში, სამივე მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროექტი. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მისცა მრავალ ადამიანს, რომ დასაქმებულიყვნენ და ასევე, მუნიციპალიტეტებს მისცემს განვითარების შესაძლებლობას და შეუწყობს ხელს ტურიზმს, – ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო გურიის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, დასრულდა ე.წ. სამკუთხა პარკის რეაბილიტაცია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ, ჟორდანიას ქუჩაზე მიმდინარეობს ფასადების სრული რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება ცენტრალური პარკისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან ქალაქში შემოსასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. 2022 წლისთვის ყველა აღნიშნული პროექტი დასრულებული იქნება“, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.